05 ნოე 2026
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ციფრული მარკეტინგული კამპანია „გამომყევი აჭარაში“ წელს მეოთხედ ჩატარდა. კამპანიის შედეგებზე გადაცემა „შეხვედრის დროის“ ეთერში დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სამთვიანი კამპანიის ფარგლებში აჭარაზე შექმნილმა კონტენტმა 1 მილიარდზე მეტი ორგანული წვდომა დააგროვა.
„ორგანული წვდომა გულისხმობს არადარეკლამებულ, ეგრეთ წოდებულ არადაბუსტულ კონტენტს. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, მარტივად რომ ავიღოთ, 3 თვე მიმდინარეობდა კამპანია, 1 მილიარდი წვდომა რომ დაგროვდეს, დღის განმავლობაში 10 მილიონი წვდომა ჰქონდა აჭარაზე შექმნილ კონტენტს. ეს არის ძალიან დიდი შედეგი, ეს არის მასშტაბური, ციფრული, მარკეტინგული კომუნიკაცია“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
მისი განმარტებით, კამპანია აჭარის 6 მუნიციპალიტეტსა და ოთხ პლატფორმაზე - TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე მიმდინარეობდა. წვდომების უდიდესი ნაწილი TikTok-ზე მოდიოდა.
„ამ კონკრეტულმა კამპანიამ დაფარა 6 მუნიციპალიტეტი, 4 პლატფორმა: TikTok-ი, Facebook-ი, Instagram-ი, YouTube-ი. 1 მილიარდი წვდომიდან 55% მოდიოდა TikTok-ზე. 126 მონაწილე იყო პროექტში დარეგისტრირებული, აქედან 60 ადამიანი მუდმივად მუშაობდა და ტვირთავდა მასალებს“, - განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
კამპანიის მასშტაბის ზრდასა და ფინანსურ ეფექტურობაზე საუბრისას თინათინ ზოიძემ წინა წლების შედეგები და საპრიზო ფონდის ოდენობაც გაიხსენა.
„მეოთხე წელია ვახორციელებთ ამ პროექტს. პირველ წელს იყო 100 მილიონი წვდომა, მეორე წელს - 240 მილიონი წვდომა, მესამე წელს - 500 მილიონი წვდომა და წელს უკვე 1 მილიარდზე მეტი წვდომა… საპრიზო ფონდი პირველი ადგილისთვის 150 000 [ლარი] იყო, მეორე ადგილისთვის - 70 000, მესამე ადგილისთვის - 50 000“, - აღნიშნა თინათინ ზოიძემ.
ზოიძის თქმით, აჭარის პოპულარიზაცია შიდა ტურიზმთან ერთად საერთაშორისო ბაზრებზეც აქტიურად მიმდინარეობს. მან ბათუმის საერთაშორისო აღიარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ ბათუმი, ისეთ ქალაქებთან ერთად, როგორიცაა ათენი, რომი, პარიზი და მადრიდი, ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.