05 ნოე 2026
ციფრულმა კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ ათასობით პოსტი გააერთიანა და აჭარის პოპულარიზაციას ფართო აუდიტორია შემატა. პროექტის შედეგებსა და შეფასების კრიტერიუმებზე გადაცემა „შეხვედრის დროის“ ეთერში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა.
როგორც თინათინ ზოიძემ აღნიშნა, პროექტის ასეთი მასშტაბურობის ფონზე უმნიშვნელოვანესი იყო, რომ გამარჯვებულების გამოვლენის მექანიზმი თითოეული მონაწილისა და დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
„როდესაც პროექტი არის ასეთი მასშტაბური, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის, მთავარი საკითხი იყო, რომ შეფასების კრიტერიუმი ყოფილიყო ობიექტური, გამჭვირვალე და საჯარო. და როდესაც ვსაუბრობთ ონლაინ მედიაკამპანიაზე, ერთ-ერთი ყველაზე საჯარო კომპონენტი სწორედ ნახვებისა და წვდომების მაჩვენებელია, რომლის ნახვაც შეუძლია ნებისმიერ მონაწილეს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს“, - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოების მაღალ ჩართულობაზე მიუთითებს პროექტის გარშემო არსებული განხილვებიც - სოციალურ ქსელებში ათასობით კომენტარი დაფიქსირდა, სადაც თითოეულ მაყურებელს საკუთარი ფავორიტი ჰყავდა. კამპანიის ფარგლებში წესების დაცვასაც აკონტროლებდნენ: ფასიანი რეკლამა აკრძალული იყო, რასაც ორგანიზატორები სპეციალური პროგრამებით ამოწმებდნენ. შედეგად, წესების დარღვევის გამო 500-ზე მეტი პოსტი გაუქმდა, ხოლო ცალკეულ მონაწილეებს 20 მილიონი წვდომა მოეხსნათ.
„30 000 კომენტარი იყო, შესაბამისად, ორი დღის განმავლობაში რა კომენტარიც გაკეთდა, ყველა წავიკითხე… ამ კომენტარებში გამოიკვეთა ის, რომ კომენტარების 95% ამბობდა, რომ უნდა გაემარჯვა ან ერთ მონაწილეს, ან მეორე მონაწილეს, ან მესამე მონაწილეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამდენ ადამიანს ჰყავდა თავისი რჩეული. პროექტის მონაწილეებს არ შეეძლოთ დარეკლამება და ჩვენ ამას ვამოწმებდით სპეციალური პროგრამებით. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სამოგზაურო შინაარსის პოზიტიური კონტენტი უნდა ყოფილიყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ 12 000 პოსტიდან 500-ზე მეტი პოსტი გაუქმდა და ჯამში იყვნენ მონაწილეები, რომლებსაც 20 მილიონი წვდომაც კი გაუუქმდათ“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.