06 ნოე 2026
ქართველმა კომპოზიტორმა ნუნუ დუღაშვილმა ქართული მუსიკის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა. მისი შემოქმედება, ინდივიდუალური მუსიკალური ხელწერა და მასთან დაკავშირებული მოგონებები მომღერალმა აჩიკო ბერიძემ გადაცემაში „ახალი დილა“ გაიხსენა.
„უდიდესი კომპოზიტორი და ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა, ის წუთები და შემოქმედებითი ურთიერთობა, რომელიც მე მასთან მაკავშირებდა და საკმაოდ ახლო ურთიერთობა“, - აღნიშნა აჩიკო ბერიძემ.
მომღერლის თქმით, ნუნუ დუღაშვილის სიმღერებს განსაკუთრებული ენერგეტიკა და ინდივიდუალური ხელწერა ჰქონდა.
„ერთხელ ვუთხარი, რომ ქალბატონო ნუნუ, მე თქვენს სიმღერებს ასე მშვიდად, რომანსულად ალბათ ვერასოდეს შევასრულებ, იმიტომ რომ ასე არ მესმის თქვენი სიმღერები-მეთქი. აბსოლუტურად მართალი ხარ, ჩემს სიმღერებში უნდა გადაირიო, გაგიჟდე და გამოხვიდე წყობიდანო“, - იხსენებს აჩიკო ბერიძე.
მომღერალმა ასევე გაიხსენა ბათუმში გამართული ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელსაც თავად უძღვებოდა.
„მე ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარით და ბათუმში ბოლოჯერ ვუმასპინძლეთ ქალბატონ ნუნუს. ეს ფაქტობრივად მისი შემოქმედების ბოლო საღამო იყო, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. ქალბატონი ნუნუ ძალიან მძიმედ იყო ავად, თუმცა შეძლო და ჩამოვიდა ჩვენს ქალაქში, თავის საღამოს დაესწრო. ჩვენ ფაქტობრივად ამ მცირედით, ვფიქრობ, გავუხანგრძლივეთ სიცოცხლე და ბოლო წუთებამდე ამ საღამოთი ცოცხლობდა“, - აღნიშნა მომღერალმა.