მასწავლებელთა მხარდაჭერა და თანამედროვე სასწავლო გარემო – აჭარაში ორი ახალი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება

06 ნოე 2026

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებელთა მხარდაჭერისა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით პროექტებს „ჩემი დამრიგებელი“ და „ჩემს გაკვეთილზე“ ახორციელებს. ინიციატივების მიზნებსა და შესაძლებლობებზე გადაცემაში „ახალი დილა“ ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დურმიშხან შავიშვილმა ისაუბრა.

„სკოლა არ არის მარტო სივრცე, სადაც მოსწავლე ცოდნას ეუფლება, არამედ გარემო, სადაც მოსწავლე პიროვნებად ყალიბდება. პროექტი „ჩემი დამრიგებელი“ დამრიგებლების მხარდაჭერას ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებაში. დამრიგებელი არის ის პიროვნება, რომელსაც მოსწავლე ხშირად ანდობს თავის პრობლემას, თავის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. შესაბამისად, დამრიგებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დურმიშხან შავიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2023 წლიდან მიმდინარე პროექტში „ჩემს გაკვეთილზე“ ამ დროისთვის 261-მა მასწავლებელმა გაიმარჯვა, წელს კი 420 განაცხადიდან 50 შეირჩა. პროექტის მიზანია, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვით, პედაგოგებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს.

„პროექტი ითვალისწინებს არა მარტო მასწავლებლის იდეების განხორციელებას, არამედ ფინანსურ მხარდაჭერასაც. ყოველთვიური სახელფასო დანამატის სახით გათვალისწინებულია 500 ლარი, ხოლო რესურსების შესაძენად – 1 000 ლარი.

სკოლა, ამ შემთხვევაში გაკვეთილი, არ არის მოსაწყენი, მოსწავლე აქტიურად არის ჩართული, თვითონ არის მონაწილე, იძიებს, იკვლევს, არის შემოქმედი. თანამედროვე მიდგომები ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლე დაინტერესებული იყოს და სასურველ შედეგზე გავიდეთ“, – აღნიშნა ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.