06 ნოე 2026
პედაგოგი ნათია დევაძე აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტს „ჩემს გაკვეთილზე“ ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებში ფინანსურ წიგნიერებასა და ეკონომიკურ აზროვნებას ავითარებს.
როგორც პედაგოგი აღნიშნავს, პროექტის იდეა ბავშვების ყოველდღიურმა კითხვებმა და საჭიროებებმა განაპირობა.
„ჩემი პროექტი ეხება ფინანსურ წიგნიერებას, ეკონომიკას და ასეთი ლოზუნგი თუ დევიზი გვაქვს, რომ ფული ხელის ჭუჭყი არ არის. ჩვენ სულ გვესმოდა, რომ ფული ხელის ჭუჭყია და ბავშვობიდან ეს რაღაცნაირად ჩარჩენილი გვაქვს, რომ ფული თურმე არ იყო ისეთი საჭიროება, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. დავინახე მოსწავლეებში მზაობა და საჭიროება კითხვებიდან გამომდინარე. მაგალითად, რატომ ხდება, რომ თემში არის რამდენიმე მაღაზია, რომელშიც სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვა ფასი ღირს და რა იწვევს ამ ფასების ცვალებადობას“, - აცხადებს ნათია დევაძე.
მისი თქმით, 10 სასწავლო თვეზე გაწერილი გეგმა მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეები ფინანსურად მყარები და განათლებულები იყვნენ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ამ ასაკში, საბაზო საფეხურზე მოსწავლემ იცოდეს, რომ მერე გამოიყენოს და ფინანსურად განათლებული ახალგაზრდა შეემატოს ცოდნის ბაზარს... ფინანსურად მყარი და ფინანსურად განათლებული ახალგაზრდა, რა თქმა უნდა, დიდი რესურსია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის“, - აცხადებს პედაგოგი.
პროექტისთვის გამოყოფილი 1 000-ლარიანი რესურსი პედაგოგმა სრულად პრაქტიკულ საჭიროებებს მოახმარა.
„იმდენად, რამდენადაც სკოლები ძირითადად აღჭურვილია ტექნიკით... ამ მხრივ აღარ გვაქვს ეს გამოწვევები. ჩემი რესურსი გათვალისწინებულია ისეთი ნივთების შეძენაზე, რომელიც სამუშაო პროცესში გვჭირდება: პირადი დანაზოგებისა და აღრიცხვიანობისთვის საჭირო ბლოკნოტები და საკანცელარიო ნივთები. ასევე, საბოლოო ღონისძიებებისთვის: გასვლითი აქტივობები, სასკოლო კონფერენცია, ვიზიტი ფულის მუზეუმში. ეს ყველაფერი გამორიცხავს იმას, რომ მოსწავლეს ან მშობელს რაიმე თანხა დაეხარჯოს და ბავშვი სრულად არის აღჭურვილი საჭირო რესურსებით“, - აღნიშნა ნათია დევაძემ.