იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "საარჩევნო კოდექსში" ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავენ

06 ნოე 2026

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "საარჩევნო კოდექსში" ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავენ. 

6 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე მიმართულებას ეხება, მათ შორის არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს და საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებსაც.

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ არჩევნების შედეგებს არა ოლქები, არამედ პირდაპირ  ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დოკუმენტში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები.

უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც საოლქო კომისიებს აღარ დაევალებათ არჩევნების შემდეგ უბნების შემთხვევითი გადათვლა, გადასამოწმებლად. არჩევნების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. ახალარჩეული მერისა და საკრებულოს უფლებამოსილება კი მეცხრე დღეს დაიწყება.

საკანონმდებლო ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, მმართველი პარტიის ინტერესებზეა მორგებული და საარჩევნო დავების განხილვა ოპოზიციას პრაქტიკულად შეეზღუდება.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და საკანონმდებლო წინადადებები პროცედურული ვადების ოპტიმიზაციას ემსახურება.