06 ნოე 2026
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. ოფიციალური ვიზიტით თბილისს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია.
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიან ისტორიაში ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საკვანძო ეტაპი აღმოჩნდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მყარ პოლიტიკურ დიალოგს.
ორმხრივ შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო განუხრელად ადასტურებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერას, ხოლო ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
პოლიტიკურ დიალოგთან ერთად, შეხვედრის ცენტრალური თემა ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება იყო. მიმდინარე წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს ინვესტორად იქცა, რაც ჩინური ბიზნესის მხრიდან ქართული ეკონომიკური გარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ბუნებრივ ხიდზე, და ჩინეთის გლობალურ ინიციატივაში - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - საქართველოს როლის გაძლიერებაზე.
მორიგი მაღალი დონის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ორმხრივ მხარდაჭერას.
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინურ მხარეს გააცნო ინიციატივა 2027 წელს თბილისში მშვიდობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის გლობალური სამიტის გამართვის შესახებ და აქტიური მონაწილეობის იმედი გამოთქვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ სექტორს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ჩინური ინვესტიციების ზრდას.
შეხვედრის დღის წესრიგის ცენტრალურ თემად იქცა „შუა დერეფნის“ პოტენციალი, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა და თბილისში აბრეშუმის გზის მეექვსე ფორუმის გამართვის გეგმა. საუბარი ასევე შეეხო პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას, ისევე, როგორც კულტურულ და აკადემიურ გაცვლით პროგრამებს.