06 ნოე 2026
შავი ზღვის სანაპიროზე სერფინგის განვითარებისთვის მზადება დაიწყო.
ირკვევა, რომ ამისთვის ყველა საჭირო პირობა და ფაქტორი ქართველ სპორტსმენებს უკვე აქვთ.
სერფინგი შავ ზღვაზე ბევრისთვის ჯერ კიდევ მოულოდნელი სანახაობაა. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ წარმოდგენის შეცვლას ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ ხარისხიანი ტალღებისთვის ოკეანე აუცილებელი არ არის.
ისინი პროფესიონალი და მოყვარული სერფერები არიან, იცნობენ ზღვის ხასიათს, ტალღებსა და გარემო-პირობებს. სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილებისა და დიდი ტალღების გამოცდის შემდეგ, ახლა მათი მთავარი მიზანი შავი ზღვის პოტენციალის ათვისებაა.
ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია. საქართველო საერთაშორისო სერფინგის პლატფორმაზეა დარეგისტრირებული, რაც ქვეყნის სანაპიროსა და ადგილობრივი სპორტსმენების პოპულარიზაციის დამატებით შესაძლებლობას ქმნის. კომუნიკაცია შედგა სერფინგის საერთაშორისო ოლიმპიურ ასოციაციასთანაც.
სერფინგის განვითარებას ისინი არამხოლოდ ახალი სპორტული მიმართულების დამკვიდრებად, არამედ რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობადაც განიხილავენ.
პორტუგალია ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ - ქვეყანა, რომელმაც სერფინგი ტურისტული მიმზიდველობის მნიშვნელოვან ნაწილად აქცია.