საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განხილულია

07 ნოე 2026

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით განხილულია. პარლამენტის რეგიონული და იურიდიული კომიტეტების წევრებმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირეს.

საკანონმდებლო პაკეტს დეპუტატები პლენარული სხდომის ფორმატშიც განიხილავენ და სამი მოსმენის შემდეგ ცვლილებებს საბოლოოდ მიიღებენ.

ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე მიმართულებას ეხება, მათ შორის, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებსაც. 

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ არჩევნების შედეგებს არა ოლქები, არამედ პირდაპირ  ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ დოკუმენტში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები.

უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც, საოლქო კომისიებს აღარ დაევალებათ არჩევნების შემდეგ უბნების შემთხვევითი გადათვლა გადასამოწმებლად. არჩევნების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. ახალარჩეული მერისა და საკრებულოს უფლებამოსილება კი მეცხრე დღეს დაიწყება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და საკანონმდებლო წინადადებები პროცედურული ვადების ოპტიმიზაციას ემსახურება.