09 ნოე 2026
მუჰაჯირების შთამომავლები თურქეთში დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ფესვებს, ტრადიციებსა და კულტურას. თუმცა მათი წინაპრების გზა სამშობლოდან გადასახლებამდე და ახალ ადგილას დამკვიდრებამდე ერთმანეთისგან განსხვავებული და ხშირად მძიმე იყო. ბურსას რეგიონში მდებარე თეშვიქიესა და იქ მცხოვრები ქართველების შესახებ ჟურნალისტმა ირინე წუწუნავამ გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.
„ყველას ერთი გზა არ გაუვლია. ის, რომ ყველა გემზე ავიდა ერთ დღეს და ერთ ჯუმა დღეს ჩავიდა, მაგალითად, გემლიქში ან ბურსას რეგიონში, ასე არ ყოფილა. ბევრმა მათგანმა საკმაოდ გრძელი გზა გაიარა - ფეხით გადავიდნენ. ნაწილი ართვინში ჩავიდა, შემდეგ კი ართვინიდან ბურსას რეგიონში გადავიდა. თავდაპირველად სანაპირო ნაწილებში, დაბლობში დასახლდნენ, შემდეგ კი ტყიან ადგილებში წავიდნენ. ტყე-ტყე გადაიარეს, სერზე გადავდიოდითო, ქედი-ქედ გადმოდიოდნენო, ასე ყვებიან. ეს მუჰაჯირების გზა მხოლოდ ტერმინი არ არის, ის რეალურად არსებობს და ძალიან მაინტერესებს, ოდესმე ამ გზის ერთი მონაკვეთი მაინც ვნახო, რომ გავიგო, რა სირთულეები გადალახეს“, - ამბობს ირინე წუწუნავა.
ჟურნალისტის თქმით, გადასახლების გზაზე ოჯახებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევდათ გადაადგილება. იყო შემთხვევები, როდესაც სიცივისა და გზის სირთულის გამო ბავშვების დატოვებაც კი უწევდათ.
„ერთ-ერთი ჩვენთან საუბარში პირადში ყვებოდა, რომ იყო შემთხვევები, როცა ბავშვებს ტოვებდნენ გზად. აღარ მიჰყავდათ, იმიტომ რომ რთული პირობები იყო, სიცივე, გზაში შეიძლება დაღუპულიყვნენ და იქნებ ვინმემ იპოვოსო. თუმცა ბევრი ისევ წაუყვანიათ, არ დაუტოვებიათ, იმიტომ რომ ახლა რა გული გაუძლებს, პატარა ბავშვი დატოვო“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
ბურსას რეგიონში ჩასვლის შემდეგ მუჰაჯირებს ახალი ცხოვრების დაწყება და მიწის მოპოვებაც დიდი სირთულეებით უწევდათ.
„აღებს ეკუთვნოდათ ეს ტერიტორიები, მიწის ნაკვეთები და რამდენიმე აღასგან შეიძინეს. ზოგი ფულით ყიდულობდა, მაგრამ რა ფული ექნებოდათ იმათ, აქედან რაც წაიღეს, ნივთები… შემდეგ დაიწყეს ყანების გაშენება, მოსავალს ყიდდნენ ან ერთ თხას მისცემდნენ და მიწის ნაკვეთს იღებდნენ, ორ ძროხას მისცემდნენ… ასეთი გაჭირვებით აიღეს ეს მიწის ნაკვეთები. თავდაპირველად 15 ოჯახი იყო, შემდეგ სხვებიც გადმოვიდნენ სხვა ტერიტორიებიდან, საქართველოდანაც დაიწყეს ნათესავების წაყვანა. ყველა ვერ ეგუებოდა იქაურ პირობებს, ზოგი უკანაც ბრუნდებოდა“, - აღნიშნავს ირინე წუწუნავა.
დღეს მუჰაჯირების შთამომავლები ბურსას რეგიონში ქართულ იდენტობასა და თემის ერთიანობას უფრთხილდებიან. ერთ-ერთი ასეთი დასახლებაა თეშვიქიე, სადაც, ჟურნალისტის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთებს არ ყიდიან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კი დასახლების არსებობის ისტორიაში ყოველთვის ეთნიკური ქართველი იყო.
ირინე წუწუნავას თქმით, მუჰაჯირების შთამომავლები თურქეთში არა მხოლოდ ქართულ კერძებს, ფოლკლორსა და ტრადიციებს ინარჩუნებენ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობენ.