მიხეილ კოპლატაძე: აჭარა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტზეა ორიენტირებული - ლონდონში 35 საქმიანი შეხვედრა გაიმართა

09 ნოე 2026

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საერთაშორისო ბაზრებზე რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ლონდონში, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე - WTM-ზე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში საერთაშორისო მედიის, ტურისტული კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 35-მდე საქმიანი შეხვედრა გამართეს. გამოფენის შედეგებსა და აჭარის ტურიზმის განვითარების ახალ სტრატეგიაზე გადაცემაში „ახალი დილა“ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ კოპლატაძემ ისაუბრა.

„ძალიან სასიხარულოა, როდესაც ჩვენი რეგიონი, აჭარა, რომელიც ძალიან მდიდარია ტურისტული პოტენციალით, წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე ჩვენს სფეროში. ეს არ არის მხოლოდ ინგლისში ჩასვლა და ინგლისურ კომპანიებთან შეხვედრა. ეს ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგიძლია სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა, სამიზნე ქვეყნებში რეკლამის დაგეგმვა და ტურისტული კომპანიების დაინტერესება, რომ თავიანთ პაკეტებში აჭარა და საქართველო ჩასვან.

გამოფენისთვის მზადება დაახლოებით ორი თვით ადრე დავიწყეთ და ძალიან მნიშვნელოვან კომპანიებს შევხვდით. მათ შორის - Bloomberg-ს, Expedia Group-ს, Warner Bros. Discovery-ს, Rough Guides-ს, National Geographic Traveller-ს, უმსხვილეს მარკეტინგულ კომპანიებს, ასოციაციებს, ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს. თითოეული ამ შეხვედრიდან მიღებული ბრიფების საფუძველზე პარტნიორები შემოთავაზებებს გამოგვიგზავნიან, რის შემდეგაც დავსხდებით კოლეგებთან ერთად და განვიხილავთ, რომელი იქნება უფრო წარმატებული მომავალი წლისთვის“, - აღნიშნა კოპლატაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიები რეგიონის ტურისტულ მაჩვენებლებზე უკვე დადებითად აისახება.

„უკვე წელს თითქმის 30%-ით გაზრდილია ავიაფრენების რაოდენობა ბათუმის აეროპორტში, ხოლო ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან - გერმანიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან - საკმაოდ კარგი მატება გვაქვს. აჭარის საზღვრების მონაცემებით, თითქმის 20%-მდეა გაზრდილი გერმანიიდან ტურისტების რაოდენობა, ასევე დიდი მატება გვაქვს ცენტრალური აზიიდანაც. წარმატებული მარკეტინგის საწინდარია, როდესაც იცი, ვის ელაპარაკები, რას სთავაზობ და რა არხებით. მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებთ როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ კამპანიებს, ვათავსებთ სტატიებს საბორტო ჟურნალებში, ვიყენებთ ონლაინპლატფორმებსა და რეკლამას, ვმონაწილეობთ 30-მდე საერთაშორისო ღონისძიებაში, ვაწყობთ B2B შეხვედრებს და ვგეგმავთ ბლოგერებისა და ინფლუენსერების ვიზიტებს“, - განაცხადა მიხეილ კოპლატაძემ.

კოპლატაძის თქმით, აჭარა უკვე აღარ არის მხოლოდ ზღვისპირა დასვენების მიმართულება: რეგიონი საერთაშორისო ბაზრებს საქმიანი, სპორტული, სათავგადასავლო და ნიშური ტურიზმის შესაძლებლობებს სთავაზობს.

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამიზნე ქვეყნებში რეგიონის ცნობადობა დაახლოებით 200-300%-ით არის გაზრდილი. ახლა გადავდივართ შემდეგ ეტაპზე - გვსურს, გავზარდოთ ტურისტის ხარისხი და გადავიდეთ უფრო მაღალმხარჯველუნარიან ტურისტზე. ჩვენ ვეუბნებით ტურისტს, რომ აქ მხოლოდ დასასვენებლად კი არ უნდა ჩამოვიდეს, არამედ შეუძლია გამართოს კონფერენცია, აჭარა განიხილოს სპორტული ტურიზმის მიმართულებით, ზამთარში კანიონინგით დაკავდეს, გოდერძის უნიკალური ბუნება გაიცნოს ან სათავგადასავლო ტურიზმი აღმოაჩინოს“, - აღნიშნა ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მიხეილ კოპლატაძის შეფასებით, აჭარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ზღვისა და მთის, ქალაქისა და სოფლის, კულტურისა და ავთენტური გარემოს ერთ სივრცეში შეთავსებაა. მისივე თქმით, საერთაშორისო ტურისტული ბაზრისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სეზონს მიღმა მოგზაურობა, უსაფრთხოება და ისეთი ადგილების აღმოჩენა, სადაც მოგზაურს ადგილობრივი გარემოსა და სტუმართმოყვარეობის გაცნობა შეუძლია.