09 ნოე 2026
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში დღეს ღონისძიება „ილია 189 - პოეზიად ქცეული უკვდავება“ გაიმართება. ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ახალი დილა“ მუზეუმის მმართველმა ეკა მამულაძემ ისაუბრა.
„დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში დაგეგმილია ღონისძიება „ილია 189 - პოეზიად ქცეული უკვდავება“. მოწვეული სტუმრები, პოეტები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ილიას შემოქმედებასა და მის უდიდეს ღვაწლს საქართველოსა და ქართველი ერის წინაშე. ილიასთვის მომავალი თაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ღონისძიებაში ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა, სადაც „ივერიის“ რედაქციაში ილიასა და ვაჟას შეხვედრა გაცოცხლდება. საგანმანათლებლო ორგანიზაცია „წიგნობარის“ მოსწავლეები ილიას ლექსებს წაიკითხავენ, საღამოს კი ანსამბლი „ბათუმური ჰანგები“ გააფორმებს მუსიკალურად“, - განაცხადა ეკა მამულაძემ.
მისივე თქმით, მუზეუმი აქტიურად მუშაობს კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებით. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული პროგრამების ფარგლებში ტარდება მასტერკლასები და ვორქშოფები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.
„მუზეუმში დაცულია ილია ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის პირადი ნივთები, ფოტომასალა და XIX საუკუნის საზოგადო მოღვაწეების ნივთები, ასევე საინტერესო მასალები, რომლებსაც უშუალოდ ილიასთან ჰქონდათ კავშირი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით, საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან უკვე მეორედ მოეწყო დროებითი გამოფენა და ბათუმის საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, ენახა ილიასა და ოლღას კუთვნილი უნიკალური ნივთები“, - აღნიშნა ეკა მამულაძემ.
მუზეუმის მმართველის შეფასებით, ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან მწერლებისა და პოეტების ცხოვრებითა და შემოქმედებით. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი პედაგოგებსაც ეკისრებათ.
„ეს ბავშვები, რომლებიც შემოდიან მუზეუმში, ძალიან დიდი ინტერესით ეცნობიან მწერლებისა და პოეტების ცხოვრებასა და მოღვაწეობას. მთელი გულით აკეთებენ ამას, აქტიურად არიან ჩართულები და მიხარია, რომ მომავალი თაობა ჩვენს დიდებულ მწერლებსა და პოეტებს კარგად იცნობს და მიაჩნია, რომ ეს ისტორია და კულტურული ღირებულება მნიშვნელოვანია მომავლისთვის“, - განაცხადა მამულაძემ.
საღამოზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე, გრიბოედოვის ქუჩა N5-ში გაიმართება.