ნიკოლოზ ტუღუში: ინკლუზიური დასის ბავშვებმა სცენაზე არგონავტების განსხვავებული ისტორია გააცოცხლეს

10 ნოე 2026

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ინკლუზიური დასის „ცისარტყელას“ მე-13 სპექტაკლის „არგონავტები - ოქროს საწმისის იდუმალება“ პრემიერა გაიმართა. წარმოდგენაში მონაწილეობენ ინკლუზიური განათლების მოსწავლეები, ბათუმის 26-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, მოწვეული მსახიობები და მოხალისეები. სპექტაკლის რეჟისორმა ნიკოლოზ ტუღუშმა ნამუშევრის იდეასა და დასთან თანამშრომლობის გამოცდილებაზე გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.

რეჟისორის განმარტებით, სპექტაკლში ოქროს საწმისი მატერიალურ სიმდიდრეს კი არა, ცოდნასა და განათლებას განასახიერებს. განსხვავებულია მედეას სახეც - წარმოდგენაში ის მოღალატედ არ არის წარმოჩენილი.

„ეს არის ჩვენი მე-13 სპექტაკლი. პირველი იყო „რწყილი და ჭიანჭველა“. ამ სპექტაკლზე ორი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. გვინდოდა, არგონავტების ისტორია განსხვავებული კუთხით დაგვენახა და მაყურებლისთვისაც სხვაგვარად მოგვეთხრო.

ოქროს საწმისის იდეა ჩვენთვის განათლებაა. მედეა არ არის მოღალატე, ის ცოდნის გაზიარებას ცდილობს საზოგადოებისთვის. მას ოქროს საწმისი არ მოუპარავს, არც ძმისა და შვილების დაღუპვის მიზეზი გამხდარა. მედეა საკუთარ თავს სწირავს მსხვერპლად“, - აღნიშნავს რეჟისორი.

ნიკოლოზ ტუღუშის თქმით, პროფესიონალ მსახიობებთან თანამშრომლობა დასის წევრებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, მათ მეტი პასუხისმგებლობა აიღეს და სცენაზე მუშაობის ახალი უნარებიც შეიძინეს. თავად რეჟისორიც ამბობს, რომ ინკლუზიურ დასთან მუშაობის პროცესში ბევრი რამ ისწავლა.

„როცა პირველად დავდგით „რწყილი და ჭიანჭველა“, ჩვენც გამოუცდელები ვიყავით. მათ შორის, მეც არ ვიცოდი, როგორ უნდა მემუშავა ეტლით მოსარგებლე ადამიანებთან. ეს ყველაფერი მუშაობის პროცესში ვისწავლეთ. ამ ბავშვებთან ურთიერთობა და მათთან ერთად მუშაობა ჩემთვისაც დიდი გამოცდილებაა“, - ამბობს ნიკოლოზ ტუღუში.

სპექტაკლის განხორციელება აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. რეჟისორის თქმით, მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ინკლუზიური დასის ნამუშევრები ფართო აუდიტორიამდე მივიდეს.

„არგონავტები - ოქროს საწმისის იდუმალება“ მაყურებელს 29 ნოემბერსაც შეხვდება.