11 ნოე 2026
კაქტუსისა და ბუშტის ისტორია, რომელმაც სოციალურ ქსელში 22 მილიონზე მეტი ნახვა და მილიონზე მეტი მოწონება დააგროვა, ქართველი ციფრული ხელოვანის, დავით ჯიჯავაძის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი მოკლე ანიმაციური ვიდეოები საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს. მისი ნამუშევრები ნიუ-იორკში, მილანში, პარიზში, ბარსელონასა და ბუენოს-აირესში გამართულ გამოფენებშიც მოხვდა. შემოქმედებისა და საერთაშორისო წარმატების შესახებ დავით ჯიჯავაძემ გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც ხელოვნება ძალიან უყვარს, თუმცა არ მქონდა ფიზიკური შესაძლებლობა და ნიჭი, რომ ჩემი ხედვები ფურცელზე გადმომეტანა, დამეხატა ან დამეწერა. როდესაც ხელოვნური ინტელექტი აღმოვაჩინე, მაშინვე დავინახე შესაძლებლობა, რომ ის ემოციები და იდეები, რომლებიც გონებაში მქონდა, ტექსტის სახით გადმომეცა და შემდეგ ვიზუალად მექცია. ყველაზე რთული ის არის, რომ კონკრეტულ ვიზუალს დიალოგის გარეშე მივცეთ ემოცია და თან ამბავიც მოვყვეთ. სიტყვებით სიყვარულის ან სხვა მძიმე ემოციის გადმოცემა უფრო მარტივია, მაგრამ 15 ან 30 წამში უნდა შეძლო იმ მთავარი სათქმელის გადაცემა, რომლის გამოხატვაც გსურს. ჩემი ვიდეოები თავიდან ბოლომდე ემოციებზეა აწყობილი. მაყურებელი თავად პოულობს პასუხს, რატომ შეეხო კონკრეტული ისტორია მის გულს“, – განმარტავს ხელოვანი.
მისივე თქმით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდეები და წარმოსახვა ვიზუალურ ნამუშევრებად აქციოს. მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებით ერთი ადამიანიც შეძლებს ისეთი ანიმაციის შექმნას, რომლისთვისაც ადრე შესაძლოა დიდი შემოქმედებითი გუნდი ყოფილიყო საჭირო.
„ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი და არა ის, რომ უბრალოდ ადამიანის საქმეს გაგვიკეთებს. ის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გადმოსცენ ის, რისი გამოხატვის საშუალებაც მანამდე არ ჰქონდათ. ჩემს შემთხვევაშიც ასეა – გონებაში არსებული ხედვები და ემოციები ვიზუალურ ფორმას მივეცი“, – ამბობს დავით ჯიჯავაძე.
მისი ნამუშევრები ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო მასშტაბის არტკონკურსზეც დაჯილდოვდა. კონკურსისთვის დავითმა სიურეალისტური ნამუშევრები წარადგინა, რომლებმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ხელოვანი ამბობს, რომ გამოფენებში მონაწილეობა მისთვის არა მხოლოდ აღიარება, არამედ სხვა არტისტებთან გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაცაა.
„თავდაპირველად მსგავსი სიახლეები ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია. შემდეგ, როცა საკუთარ თავს დავჯდები და გავაანალიზებ, ვხვდები, რომ ძალიან კარგი მიღწევაა, რადგან ასეთი შესაძლებლობები იშვიათად ჩნდება, განსაკუთრებით საქართველოდან უცხოეთში. ბარსელონაში ჩემი ნამუშევრები ჟიურის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა, გამოფენაც გაიმართა და ბევრი საინტერესო ხელოვანი გავიცანი“, – აღნიშნავს დავით ჯიჯავაძე.
ციფრული ხელოვანი ყოველდღიურად ახალ ვიდეოებს აქვეყნებს. შთაგონების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კი ბათუმში სეირნობასა და სუფთა ჰაერზე ყოფნას ასახელებს. სამომავლოდ მას სურს, ემოციური ვიდეოები უფრო მასშტაბური გახადოს და სოციალური ქსელებისთვის განკუთვნილ მოკლე ფორმატს გასცდეს.
„მინდა, ეს ემოციური ვიდეოები უფრო მასშტაბური გავხადო და მხოლოდ 15–30 წამითა და სოციალური ქსელებით არ შემოვიფარგლო. ჩემი კიდევ ერთი მთავარი მიზანია, ქართულმა აუდიტორიამაც გაიცნოს ეს მიმართულება და დავანახო, რომ ხელოვნური ინტელექტით ემოციების გადმოცემა შესაძლებელია“, – ამბობს დავით ჯიჯავაძე.