ბუნებრივი ანტიდოტი: რომელი ეთერზეთები ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას?

11 ნოე 2026

შეიძლება თუ არა სურნელმა სტრესი შეამციროს და ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე იმოქმედოს? ეთერზეთების გავლენა მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას არ ეფუძნება - ამ მიმართულებით მეცნიერული კვლევებიც ტარდება. არომათერაპიისა და არომაფსიქოლოგიის შესაძლებლობებზე გადაცემაში „ახალი დილა“ არომათერაპევტმა თამუნა მატათაშვილმა ისაუბრა.

„მე-20 საუკუნემ ეს ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და ქიმიურმა ანალიზებმა მოგვცა შესაძლებლობა, ეთერზეთებზე კვლევები ჩაგვეტარებინა და დაგვედგინა, რა ხდება მათ შემადგენლობაში. თითოეულ ეთერზეთში დაახლოებით 200-დან 500-მდე აქტიური კომპონენტია, რომლებიც სხვადასხვაგვარად მოქმედებენ როგორც ჩვენს ორგანიზმზე, ისე ემოციებზე.

ლავანდისა და ნეროლის ეთერზეთების შესუნთქვის შემდეგ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადამიანის სისხლში კორტიზოლის მაჩვენებელი 20 პროცენტით მცირდებოდა“, - ამბობს თამუნა მატათაშვილი.

მისივე განმარტებით, ყნოსვის ცენტრი ტვინში მოგონებებისა და ემოციების ცენტრებთან ახლოს მდებარეობს, რის გამოც სურნელს ადამიანის განწყობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

"ყნოსვა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტინქტია. ყნოსვის ცენტრი ჩვენს ტვინში ძალიან ახლოს არის მოგონებებისა და ემოციურ ცენტრებთან. როდესაც ეთერზეთს ვისუნთქავთ, სულ რამდენიმე წამში მისი მოლეკულების შესახებ ინფორმაცია ამ ცენტრებამდე აღწევს. შესაბამისად, სურნელებს ჩვენს განწყობაზე სასიამოვნო გავლენის მოხდენა შეუძლია“, - განმარტავს არომათერაპევტი.

თამუნა მატათაშვილი პარფიუმერიასა და არომათერაპიასაც განასხვავებს. მისი თქმით, პარფიუმერია უმეტესად ესთეტიკურ მიზანს ემსახურება, ბუნებრივი ეთერზეთებისგან შექმნილი სურნელები კი თერაპიულ პრაქტიკაში გამოიყენება. მათი შერჩევისას მნიშვნელოვანია ადამიანის ინდივიდუალური დამოკიდებულება კონკრეტული არომატის მიმართ.

„პარფიუმერია ზოგადად, იმ სახით, როგორც ახლა არსებობს, ფაქტობრივად, სინთეტიკური მოლეკულებისგან შედგება და მხოლოდ ესთეტიკურ მიზანს ემსახურება. ხოლო არომაფსიქოლოგია და ნატურალური ეთერზეთებისგან შექმნილი სურნელები უკვე თერაპიულად, ანუ სამკურნალოდ მოქმედებს.

ადამიანს ეს სურნელი უნდა მოსწონდეს, რომ მისთვის თერაპიული იყოს. ვიღაცისთვის, მაგალითად, ვანილის სუნი შეიძლება სასიამოვნო მოგონებებთან იყოს დაკავშირებული, ვიღაცისთვის კი, პირიქით. ამიტომ არომატის შერჩევა ინდივიდუალურად, ტესტირების საფუძველზე ხდება. ლავანდა კი ერთ-ერთი საბაზისო ეთერზეთია, რომელიც დამშვიდებასა და სტრესის შემცირებაში გვეხმარება“, - აღნიშნავს სპეციალისტი.