12 ნოე 2026
ქართველი მომღერლისა და ჩინელი მუსიკოსების უჩვეულო კოლაბორაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის პროექტში „აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“. დავით კენჭიაშვილმა ჩინელ მუსიკოსებთან ერთად თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა „იორო“ შეასრულა - ქართული მრავალხმიანი სიმღერა ჩინურ ნაციონალურ საკრავებს შეერწყა და უცხოელი მსმენელის განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. კოლაბორაციისა და პროექტში მონაწილეობის შესახებ დავით კენჭიაშვილმა გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.
დავით კენჭიაშვილი ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მუსიკალური პროექტის ჟიურის უცვლელი წევრია. ჩინურ პროექტში ის ყაზახეთში გამართული „Silk Way Star“-ის შემდეგ მიიწვიეს, სადაც ქართველი შემსრულებელი ავთანდილ აბესლამიძე მონაწილეობდა.
„როდესაც იცი, რომ ამხელა აუდიტორიის წინაშე დგახარ და გიწევს საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარდგენა, ამას სჭირდება ძალიან ბევრი გათენებული ღამე, ძალიან ბევრი ფიქრი. ადვილი არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ გავართვით თავი და შედეგიც მივიღეთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მიეცა იმის საშუალება, ჩვენი ქვეყნის კულტურა და ეს ამხელა მადლი და სიკეთე ენახა“, — აღნიშნა დავით კენჭიაშვილმა.
ჩინელ მუსიკოსებთან ერთად თეონა ქუმსიაშვილის „იოროს“ შესრულება მომღერლისთვის განსაკუთრებულ პირად ისტორიასაც უკავშირდება. ეს სიმღერა მას დედასა და ბავშვობის მეგობარს, თავად თეონა ქუმსიაშვილს ახსენებს.
„ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან საკრალურია და მხოლოდ ორ ადამიანს მახსენებს: დედაჩემს, რომელიც 2020 წელს ცაში გაფრინდა, და თვითონ შემსრულებელს, თეონას. ამ სიმღერას უდიდესი დატვირთვა აქვს ჩემთვის და ალბათ იმიტომ იყო ამ სიმღერაზე გაჩერებული არჩევანი“, - თქვა მომღერალმა.
დავით კენჭიაშვილის თქმით, ჩინელი მსმენელისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი ქართული მრავალხმიანი სიმღერა აღმოჩნდა. მომღერალს არასოდეს დაავიწყდება აუდიტორიის ემოცია და ცრემლები შესრულების დროს.
„ხელოვნებას ზოგადად არ გააჩნია ენა, მას უნივერსალური სალაპარაკო მექანიზმი აქვს. მე ძალიან თამამი ვარ კოლაბორაციებსა და ექსპერიმენტებში. ეს ჩემთვის ახალი არ ყოფილა, თუმცა ჩვენი ქვეყნისა და ჩინეთის ისტორიაში ეს პირველი იყო, როდესაც ქართველმა ადამიანმა ჩინელ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად გააკეთა კოლაბორაცია. ჩემთვის საამაყო იყო, რომ ჩემი ქვეყნის სახელი მილიარდ-ნახევარ და მეტ ადამიანს ვაჩვენე“, - აღნიშნა კენჭიაშვილმა.
ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ჩინური ნაციონალური საკრავების ამ გამორჩეული შერწყმით დავით კენჭიაშვილმა ქართული მუსიკა მილიარდნახევარზე მეტ ადამიანს გააცნო.