18 ნოე 2026, 16:12
0იტალიელი კინორეჟისორი მატეო პაჩინინი ბათუმში იმყოფება. ის ადგილობრივი კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. რეჟისორი აჭარაში მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას, ასევე ქართველ და იტალიელ ხელოვანებს შორის თანამშრომლობას გეგმავს.
სამომავლო გეგმებზე მატეო პაჩინინიმ გადაცემაში "ახალი დილა" ისაუბრა.
"როდესაც აჭარა აღმოვაჩინე, გაოცებული დავრჩი ლანდშაფტებისა და არქიტექტურის მრავალფეროვნებით. ბათუმში ისეთი საინტერესო არქიტექტურაა, რომ ერთ ლოკაციაზე ბევრი ფილმის გადაღება შემიძლია. ახლა ელენე კურტანიძესთან ერთად სცენარზე ვმუშაობთ. არ მინდა ბევრი დეტალი წინასწარ გავამჟღავნო, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება კომედიური დრამა და სიყვარულის ისტორია. შესაძლოა, გადაღებები ზაფხულში დაიწყოს. ასევე ვცდილობთ, სამხატვრო სკოლასთან პარტნიორობა დავგეგმოთ, რათა ქართველ და იტალიელ ხელოვანებს შორის თანამშრომლობა გავაღრმაოთ. იანვარში დაბრუნებას უკვე ვგეგმავ და ელენესთან ერთად საპროდიუსერო გუნდის შექმნაც გვინდა“, - ამბობს მატეო პაჩინინი.
რეჟისორი ბათუმში დაბრუნებას იანვარში გეგმავს. ელენე კურტანიძესთან ერთად საპროდიუსერო გუნდის შექმნას, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების გადაღებასა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას აპირებს.