ნია გოგიტიძე: თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის პოვნაში ეხმარება

24 ნოე 2026, 13:20

2
გაზიარება:

შეიძლება, თეატრალურ სცენაზე შესრულებულმა ერთმა როლმა მოზარდს მომავალი პროფესია აპოვნინოს. საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალ „პირველი ავტოგრაფის“ წამყვანმა, ნია გოგიტიძემ, „ახალი დილის“ ეთერში ფესტივალის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

ნია გოგიტიძე ფესტივალის მონაწილე დასის, „სარკეს“, წევრი იყო, რომლის რეჟისორიც დიანა ჩახუნაშვილი გახლდათ. პირველ წელს საორგანიზაციო პროცესებში ჩაერთო, მეორე წლიდან კი ფესტივალს წამყვანის ამპლუაში შეუერთდა.

„მართლაც უდიდესი კვალი დატოვა და თუ არა მსახიობები, აუცილებლად გავხდებით საუკეთესო მსმენელები, ვისწავლით კულტურას, როგორ მოვიქცეთ თეატრში, ერთმანეთის მოსმენას, სხვადასხვა როლებს უფრო კარგად შევისწავლით. ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ ახალგაზრდებს მომავალში პროფესიის აღმოჩენასა და განსაზღვრაში აუცილებლად დაეხმარება“, - განაცხადა ნია გოგიტიძემ.

ფესტივალის წამყვანმა ერთ-ერთი მოსწავლის მაგალითიც გაიხსენა, რომელმაც სპექტაკლში ჟურნალისტის როლის შესრულების შემდეგ გადაწყვიტა, მომავალში სწორედ ეს პროფესია აერჩია. მისი თქმით, ეს ფესტივალის მთავარი მიზნისა და მნიშვნელობის ნათელი მაგალითია.

„რამდენიმე დღის წინ „პირველი ავტოგრაფის“ შეხვედრაზე ვიყავით და ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ სპექტაკლში მონაწილე მოსწავლე როლის შეცვლის შემდეგ ჟურნალისტის როლზე გადავიდა და თქვა: ზუსტად ვიცი, მომავალში რა იქნება ჩემი პროფესია, ჟურნალისტი უნდა გავხდეო. იმდენად მოეწონა ეს როლი. ზუსტად ეს არის ასეთი ფესტივალების მთავარი შედეგი, მიზანი და მნიშვნელობა“, - აღნიშნა ნია გოგიტიძემ.

ნია გოგიტიძემ ასევე გაიხსენა ფესტივალის მეორე წელს წარდგენილი სპექტაკლი „სასკოლო ოთახი წიგნის გარეშე“, რომელიც ტარიელ კიკვაძის პიესის მიხედვით დაიდგა და რომელშიც მთავარი პერსონაჟის, ლეზლის როლს ასრულებდა.

„ეს სპექტაკლი მეტწილად ჩვენს მომავალზეა, იმაზე, რეალურად რა გველოდება, როგორ ვითარდება სამყარო გაჯეტების ფონზე, როგორ იცვლება ყველაფერი და როგორ ვწყვეტთ სასკოლო ოთახში წიგნებთან ურთიერთობას. მთავარი გმირია ლეზლი, რომლის როლსაც მე ვთამაშობდი და რომელიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება. მართლაც საოცარი სპექტაკლი იყო, რადგან ახალგაზრდა, მომავალი დრამატურგის დაწერილი პიესის მიხედვით ვითამაშეთ და თან ჩვენს მომავალს ეხებოდა“, - განაცხადა ნია გოგიტიძემ.