ბათუმის მერიას პროკურატურაში უჩივლებენ

09 ოქტ 2017

ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიას გონიოს მაცხოვრებლები, რომლებიც გონიოში მიწის დაკანონებას წლებია ითხოვენ, პროკურატურაში უჩივიან. მოქალაქეების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" კი მიწის საკუთრების აღიარების კომისიის წევრების სისხლის სამართლებრივი საკითხის დაყენებას ითხოვს. 

პროკურატურაზე მიმართვა იურისტებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაირკვა, რომ მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31 მარტისა და 6 ივნისის გადაწყვეტილები არ აღასრულა, რაც მათი მტკიცებით კანონის უხეში დარღვევაა. 

"მერიის მიწის აღიარების კომისიამ არ შეასრულა ვალდებულება რაც კანონით სასამართლომ დააკისრა" - განაცხადა ანა ბერძენიშვილმა. "მოქალაწეების მცდელობის მიუხედავად, კომისიას საკითხზე მუშაობა არ დაუწყია".

იურისტების მტკიცებით, 6 თვის განმავლობაში, ბათუმის მიწის აღიარების კომისიამ მხოლოდ ერთი სხდომა ჩაატარა, სადაც 4 მოქალაქის საკითხის განხილვა დაიწყო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისიას, ე.წ. გონიოელების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა დაავალა.

გონიოს მოსახლეობა  მათთვის 2008 წელს დაკანონებული, ხოლო 2010  ჩამორთმეული მიწების აღიარებას ითხოვენ.