დაღუპული მეშახტის ოჯახი დახმარების მოლოდინში

27 ოქტ 2017

ტყიბულში დაღუპული მეშახტის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ შეიტანენ თუ არა სარჩელს საწარმოს ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში. ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილი შახტაში 9 წლის მანძილზე მუშაობდა და გამოცდილი იყო. შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში გუშინ საღამოს მოხდა.

კომპანია ”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი მიწისქვეშა სამუშაოების დროს, სამთო მასის ჩამოშლა გახდა. მსგავსი ფაქტი ტყიბულში ბოლოს მაისში დაფიქსირდა. კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად მაშინ  4 ადამიანი დაიღუპა. “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა რაოდენობამ 2017 წლის 10 თვეში 30-ს მიაღწია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტყიბულში გუშინ მომხდარი ფაქტი შრომის უსაფრთხოების კონტროლის არარსებობაზე მიუთითებს.