სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

07 დეკ 2017

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციას.

მიღებული კანონების ამოქმედებისთანავე, ახალი სტუქტურების შესაბამისად მინისტრები დაინიშნებიან, რასაც შემდგომი პროცესი - პარლამენტის მიერ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება მოჰყვება. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება. შესაბამისად, ცალკე აღარ იარსებებს: - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო. საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე გაუქმდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იქმნება. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავრობის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ იარსებებს.