საქართველოს მოქალაქეებზე სასაზღვრო რეგულაციები მოლაპარაკებების დასრულებამდე არ გავრცელდება

15 იან 2018

თურქეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დასრულებამდე საზღვარზე რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება - ინფორმაცია საქართველოს შს სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება"- ნათქვამია განცხადებაში. 

სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, სადაც განიხილება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.