შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან

21 იან 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის.

გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მიიღო. ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. საუბრისას აღინიშნა, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში, ქალაქ ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.