23 თებ 2018
ქობულეთის სოფელ ლეღვადან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი 62 წლის ამირან მჟავანაძის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
ხანძარი მჟავანაძეების საცხოვრებელს გუშინ, დილის 5 საათზე გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ცოლ-ქმარი და რძალი იმყოფებოდნენ. მათ ალმოდებული შენობიდან გამოსვლა მოასწრეს, თუმცა ოჯახის უფროსმა ძლიერი დამწვრობა მიიღო.
ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა საცხოვრებელი სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ქობულეთის მერის განცხადებით, დაზარალებულებს შესაბამისი პროგრამით დაეხმარებიან და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.