რეორგანიზაციის შედეგად ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 

27 მარ 2018

ხელვაჩაურის მერიაში, რეორგანიზაციის შემდეგ არავინ გაუთავისუფლებიათ. კადრების ოპტიმიზაცია არ მომხდარა, მერმა დამატებით რამდენიმე თანამშრომლის აყვანა  გადაწყვიტა. თვითმმართველობაში ამ ეტაპზე 133 თანამშრომელია, მომავალში მათი რიცხვი 137-მდე გაიზრდება.  

‘’შრომითი ხელშეკრულება ყველა დასაქმებულს გაუგრძელდა, რამდენიმე თანამშრომლის დამატებაც გახდა აუცილებელი’’ -  აცხადებენ მერიაში.

ხელვაჩაურის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად, 8 ნაცვლად 10 სამსახური იფუნქციონირებს. რამდენიმე მათგანს სახელწოდება შეუცვალეს. 

ჯანდაცვის სამსახურში ორი განყოფილება შეიქმნება: ერთი ჯანდაცვის, მეორე კი სოციალური მიმართულებით იმუშავებს. ასევე ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის სამსახურებიც შეიქმნება.

თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი და მობილობა 30 მარტს დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ, 4 საშტატო ერთეულზე სავარაუდოდ, კონკურსი გამოცხადდება.

დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებმა, სხდომაზე სამსახურების დებულებები დამტკიცეს.