საქართველოში ოქრო სხეულზე დამაგრებული და ავტომობილის სამალავებით შემოდის

07 მაი 2018

დიდი რაოდენობით ოქრო, საქართველოს ტერიტორიაზე, საზღვრების გავლით, მოქალაქეებს სხეულზე შემოკრული და ავტომობილებში სპეციალურად გაკეთებული სამალავებით  შემოაქვთ. 

სამართალდამცველებმა, ბოლო რამდენიმე დღეში, კონტრაბანდის 5 ფაქტი დააფიქსირეს.

ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა, ავტომობილში მოწყობილი სამალავებით საზღვარზე - 238 ცალი ოქროს ყელსაბამი და 2 ოქროს ზოდი შემოიტანეს. ხოლო დანარჩენ სამ შემთხვევაში, ოქროს ნაკეთობები მოქალაქეებს ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე ჰქონდათ მიმაგრებული.

ამოღებულია 429 000 ლარის ღირებულების, 4 590 გრამი ოქრო და ოქროს ნაკეთობები.

არადეკლარირებული ნივთები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი, მეორე და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.