ათენში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

20 მაი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.  აღნიშნულ პირებს აქტიური კავშირი ჰქონდათ აპრილში,  საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებულ, ე.წ. კანონიერ ქურდთან - ნოდარ შუკაკიძესთან (მეტსახელად „ნოდარ გლდანსკისთან“).

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების მრავალგზის ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას,  ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები ამოიღეს.

''საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის პოლიციის მიერ მიმდინარე წლის 21 მაისს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 17 მოქალაქეა დაკავებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ'' -  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.