ბიზნესმენი მაშინ დააკავეს, როდესაც საჯარო მოხელეს ქრთამს აძლევდა

27 მაი 2018

ბიზნესმენი, რომელიც ინერტული მასალების მოპოვებით იყო დაკავებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ მაშინ დააკავა, როდესაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს ქრთამის სახით 3 ათას ლარს აძლევდა. 

აყვანის ოპერაცია გურიაში ჩატარდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა გ. ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში მფარველობის სანაცვლოდ, გარემოსდაცვითი პატრულირებისა უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ალექსი გ-ს ქრთამის სახით 10 000 ლარს სთავაზობდა. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაჟა გ. შეთავაზებული ქრთამის ნაწილის - 3000 ლარის გადაცემის მომენტში ბრალდებულის სახით დააკავეს.

უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით, ბრალდებულს  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

 

ფოტო: არქივი