საპარლამენტო  უმრავლესობა  პრეზიდენტს  პრემიერის კანდიდატურას დღეს  წარუდგენს

14 ივნ 2018

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას დღეს წარუდგენს, რომელსაც თავის მხრივ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს, მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამაც.

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები დარგების მიხედვით სამთავრობო პროგრამას საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში წარადგენენ, რის შემდეგაც ისინი ნდობის მისაღებად პლენარულ სხდომაზე წარდგებიან. მთავრობას პარლამენტის ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.