კონსულტაციებისთვის აჭარაში პრეზიდენტი ნატოს სამიტის შემდეგ ჩამოვა

06 ივლ 2018

გახდება თუ არა  თორნიკე რიჟვაძე პრეზიდენტის  რჩეულიც?- ეს  რამდენიმე დღეში გაირკვევა. გიორგი მარგველაშვილი პატარაძის შემცვლელზე  კონსულტაციების გამართვას და აჭარაში ჩამოსვლას  “ნატო”-ს სამიტის შემდეგ გეგმავს. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად  კონსულტაციები პრეზიდენტმა უმაღლესი საბჭოს  ყველა ფრაქციასთან უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგენს კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს დასამტკიცებლად.

ამისთვის პრეზიდენტს  2 კვირიანი ვადა აქვს, რომლის ათვლაც 4 ივლისს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გადადგა პატარაძე  თანამდებობიდან.  თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები.