სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს

16 თებ 2019

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს დღეს დაიწყებს.  სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას "ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.