ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათას თხუთმეტი პირველკურსელია

02 ოქტ 2016

წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათას თხუთმეტი პირველკურსელია. მათ შორის, ასპროცენტიანი დაფინანსებით, უნივერსიტეტში ოთხი სტუდენტი მოხვდა, ხოლო სასწავლო გრანტი ჯამში 58-მა პირველკურსელმა მიიღო. უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს განახლებული და რეაბილიტურებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით ხვდება. ხუთსართულიანი სასწავლო კორპუსი გარემონტდა, ასევე, მოწესრიგდა სპორტული მოედანი და სტუდენტთა ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსად გადაკეთდა. სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება უნივერსიტეტის რექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიულოცეს. მერაბ ხალვაშის ინფორმაციით, წელს პირველად უნივერსიტეტში აგრარულ და საინჟინრო მიმართულების დარგები სრულად დაკომპლექტდა.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი