10 მაი 2019
19 მაისს ხულოში ახალ მერს აირჩევენ. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 15 კანდიდატს შორის მოუწევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა ''კომპეტენტური პასუხის'' პროდიუსერი, დღეს ყველა კანდიდატს დაუკავშირდა. ისინი გადაცემაში საარჩევნო პროგრამაზე სასაუბროდ მოიწვიეს.
კვალიფიციური პარტიებიდან მერობის კანდიდატების უმრავლესობამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების, ამომრჩეველთან შეხვედრის თუ ქვეყანაში არყოფნის მიზეზით უარი თქვა გადაცემაში მონაწილეობაზე. კანდიდატების ნაწილმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ზოგმა კი თქვა, რომ საარჩევნო პროგრამაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.
მათ შორისაა ვახტანგ ბერიძე „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, იოსებ თავართქილაძე “ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა“, ირაკლი ჯორბენაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“, საბა ბობოხია “თავისუფალი საქართველო“, ზურაბ ცინცაძე „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, მამუკა ქობულაძე „პოლიტიკური პლათფორმა-ახალი საქართველო“, გია გაბეშია „თავისუფლება -ზვიად გამსახურდიას გზა“, ირაკლი ტუნაძე“საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, ნუგზარ ფუტკარაძე „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ და ზაურ კომახიძე“ქრისტიან კონსერვატორები“.
აჭარის მაუწყებელში, მერობის კანდიდატისთვის განკუთვნილი საეთერო დრო გამოყენებას, მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი ვახტანგ ბერიძე დათანხმდა.
ხულოს არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, სწორედ ამის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ახალი მერის არჩევის საკითხი.
მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებდა, რომელიც მოგვიანებით ''ქართული ოცნების'' მერობის კანდიდატად დასახელდა.