ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებიც გახდა საჭირო  

16 მაი 2019

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე დილიდან მუშაობს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.   

საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის, ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.