30 ივნ 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა. ჩვენმა გუნდმა 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მინსკი 2019-ის ვერცხლის მედლებს მოკრივე სახილ ალახვერდოვი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ. იაკობ ქაჯაია გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსელ კირილ ჰრიშანკას შეხვდა. ფინალური ორთაბრძოლა ბელარუსელი მოჭიდავის გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
დღეს, კიდევ ერთმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ნადარეიშვილი ავსტრიელი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ რუს ალექსანდრ გოლოვინთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა შეაფასა. მისი განცხადებით, წინა ევროპულ თამაშებთან შედარებით, იმ სახეობების რაოდენობა, რომლებშიც მედალი მოვიპოვეთ, გაზრდილია.