11 ივლ 2019
ბათუმში, მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომლებიც თბილისში მიმდინარე #სირცხვილიას ანტისაოკუპაციო აქციებს უერთდებიან, პროტესტის ნიშნად ვაჟა-ფშაველას ბიუსტს თვალსახვევი გაუკეთეს.
ვაჟა-ფშაველას ციტირებდა დღეს ბათუმში მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე. სწორედ ამიტომ, ბათუმელი აქტივისტები ვაჟა-ფშაველას ბიუსტთან მივიდნენ და იქედან მიმართეს ევროსაბჭოს პარლამენტის პრეზიდენტს:
"ბატონო ტუსკი,
- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!
- ის სამ კვირაზე მეტია, უგუბელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!
- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!
- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!
- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!
გახარია უნდა გადადგეს!"
ფოტო და მიმართვა ფბ გვერდზე - "ბათუმი თავისუფლებისთვის" გაავრცელა.
#სირცხვილია - ახალგზარდების აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს. აქცია საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ვიზიტს და სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან კონფერენციის წაყვანის ფაქტს მოჰყვა. ანტისაოკუპაციო აქცია, ღამით ძალისმიერი მეთოდით დაშალა პოლიციამ. დარბევის დროს, რეზინის ტყვიებით 230-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 26 აქტივისტს დაუზიანდა თვალი და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, აქედან 2-მა ახალგაზრდამ დაკარგა თვალი. ორი ადამიანი 11 დღის განმავლობაში სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
მოქალაქეები სპეცრაზმელებს ძალის გადამეტებაში და მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიზანმიმართულ დაზიანებების მიყენებაში ადანაშაულებენ, მომხდარზე პასუხისმგებლობას კი შს მინისტრს აკისრებენ. გიორგი გახარია თანამდებობიდან წასვლას არ გეგმავს.