სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კვადროკოპტერები

01 სექ 2019

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ იუწყება. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, მანამდე, ანალოგიური ქართული საფრენი აპარატები „არაერთგზის ასრულებდნენ სადღეღამისო რეჟიმში დაზვერვას სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები“.ბიაზროვას თქმით, „უშიშროების კომიტეტმა“ განახორციელა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ინფორმირება.