ბათუმის ინფექციურში ერთი ადამიანი შეიყვანეს - მას ამ ეტაპზე აკვირდებიან 

16 მარ 2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს ერთი მოქალაქე შეიყვანეს. მას ანალიზები უკვე აუღეს და უახლოეს სამ საათში ცნობილი იქნება, აქვს თუ არა პაციენტს COVID-19.

შესაძლო კორონავირუსის მატარებელი პირი საავდმყოფოში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. "მას ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკა აქვს, მაგრამ მაინც ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ გადაგვემოწმებინა" - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

ინფექციურ საავადმყოფოშია ბათუმის #1 პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ, 15 მარტს დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ვირუსის დადგენამდე კარანტინში იმყოფებოდა. 

ბათუმის#1 პაციენტი მაღალი რისკის შემცველი ერთ-ერთი ქვეყნიდან ქუთაისის აეროპორტში დაფრინდა და იგი ბათუმში საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მას კონტაქტი არავისთან ჰქონია, გარდა იმ ჯგუფის წევრებისა, ვისთან ერთადაც ჩამოფრინდა.  

რაც შეეხება კარანტინს, ბათუმში 200-მდე მოქალაქე იმყოფება ამ ზონაში. მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სისტემატიურად უტარდებათ შემოწმება და მდგომარეობა სტაბილურია. თვითიზოლაციაში კი 100-მდე ადამიანია.