ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

15 ოქტ 2020

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე, გადადგომის შესახებ განაცხადა. ჟეენბეკოვმა საკუთარი გადაწყვეტილება ქვეყანაში სისხლისღვრის თავიდან აცილების სურვილით ახსნა. გადამდგარმა პრეზიდენტმა ყირგიზეთის ახალ პრემიერ-მინისტრს სადირ ჟაპაროვს და სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდა, ბიშკეკის ქუჩებიდან თავიანთი მომხრები გაიყვანონ და ადგილობრივების ცხოვრება ჩვეულ რიტმში დააბრუნონ.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ოფიციალური შედეგებით მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. მოგვიანებით, ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვა.