ქრთამის აღების ფაქტზე შუახევის მერიის თანამშრომელი დააკავეს

13 მარ 2021

მოსამართლის განჩინებით ქრთამის აღების ფაქტზე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ შუახევის მერიის თანამშრომელი, ინვესტორს 4 000 ლარის სანაცვლოდ, სოფელ ზამლეთში და უჩამბის თემში მდებარე ორი ობიექტის იჯარის ხელშეკრულების გასაფორმებლად აუქციონზე გატანას და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის გაწევას დაპირდა.

სუს-ის ცნობით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზამლეთში არსებული ობიექტი მისი უშუალო ჩართულობით გაიტანეს აუქციონზე, რომელშიც გაიმარჯვა ზემოაღნიშნულმა ინვესტორმა.

იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი. გამოძიება 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი დამატებით განმარტებებს ფაქტთან დაკავშირებით არ აკეთებს, ომარ ტაკიძე ამბობს რომ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომელიც სუსმა გაავრცელა.