აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე პირველი სხდომა გაიმართა

25 მაი 2021

დღეს, 25 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე, სარჩელის წარდგენიდან ორი წლის შემდეგ, პირველი სხდომა გაიმართა.

ერთსაათიანი მსჯელობის შემდეგ მოსარჩელე მხარის მოთხოვნით სხდომა გადაიდო. ნათია კაპანაძის ინტერესებს ''საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია'' იცავს. იურისტებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. ასევე მოითხოვეს ორი მოწმის, მრჩეველთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ნატა იმედაიშვილისა და ბეჟან გობაძის გამოკითხვაც, რომელიც შემდეგ სხდომაზე მოხდება. ასევე მტკიცებეულებების დართვის მიზნით მაუწყებლის 2018, 2020, 2021 წლების ანგარიშები. 2016, 2017 წლის შიდა და გარე აუდიტის დასკვნები, ამავე პერიოდის ვისიჯის კვლევები მაყურებელთა გამოკითხვაზე და 2016- 2018 წლების მედია მონიტორინგების შეფასებები. 

''შუამდგომლობები ერთის გამოკლებით სასამართლომ დააკმაყოფილა, მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის მოწმის სახით დაკითხვაზე გვითხრა უარი, თუმცა აღნიშნა, რომ მოგვიანებით იმსჯელებს საკითხზე. 

ნატა იმედაიშვილის დაბარების მთავარი მიზანი იყო იმპიჩმენტის მომხრეების პოზიციის გაგება და ბეჟან გობაძე კი არის მხარე, რომელიც იმპიჩმენტს არ დაეთანხმა. იმისათვის, რომ ობიექტურად დადგინდეს რა ხდებოდა, ორივე მხარე მოვიყვანეთ. ამ ადამიანების წერილობითი არგუმენტები გვაქვს, მაგრამ ერთია რას ამბობს და მეორეა რა მტკიცდება.

რადგან სასამართლომ შუამდგომლობები დააკმაყოფილა,  დრო გვჭირდებოდა, რომ ჩვენს ახსნა-განმარტებაში ეს მტკიცებულებები ავსახოთ და არ დარჩეს ზერელედ დატოვებულად. პროცესი დღეს მაინც ვერ დასრულდებოდა და ამით არაფერი დაკარგულა'' - ამბობს საიას იურისტი. 

2019 წელს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა და დაკავებული პოზიციიდან გადააყენა. მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ითხოვს უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

''ორი წლის ლოდინის მიუხედავად სასამართლოს უწევს მის შენობაში იმსჯელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებაზე. შუამდგომლობების ნაწილი დაკმაყოფილდა, რაც საქმის შემდგომი გაგრძელებისათვის მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში გაგრძელდება საქმის განხილვა. ორი წლის დაგვიანების მიუხედავად ინტერესი განვიხილოთ საქმე არის კვლავაც მაღალი, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხები კვლავ დგას დღის წესრიგში. 

ჩემს მიერ წარდგენილი სარჩელი იყო პრევენციული ხასიათის ღონისძიება. მე მსურდა ამერიდებინა თავიდან  პოლიტიკური ჩარევის, თავდასხმისა და საქმიანობის ხელშეშლის ნაწილების თანმდევი შეფასება შიდა და საერთაშორისო დასკვნებში. ნახეთ, რომ ბევრ შემთხვევაში კრიტიკულად არის გაანალიზებული მაუწყებელში მიმდინარე პროცესი. 

სასამართლომ შინაარსობრივად იმსჯელა შუამდგომლობების ნაწილზე და ამასთან ერთად მტკიცებულებების სახით დამატებით წარვადგინეთ მნიშვნელოვანი მასალები, რაც სრულად გამოკვლევისთვის არის აუცილებელი. მისასალმებელია სასამართლოს დღევანდელი პოზიცია, თუმცა გადამწყვეტია არის უკვე მთავარი სხდომა, როცა ჩვენ ახსნა-განმარტების ეტაპზე უფრო მეტ ინფორმაციას გავცვლით'' - განაცხადა ნათია კაპანაძემ. 

მოპასუხე მხარის განცხადებით, მოსარჩელე მხარის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის შესწავლა არ მომხდარა არასწორია, რადგან მრჩეველთა საბჭოს საჯარო სხდომაზე თითოეული პუნქტის გამოკვლევა მოხდა და გადაწყვეტილება კანონთან სრულ შესაბამისობაშია. 

''მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებაში საუბარია შესყიდვის არასწორი ფორმით განხორციელებაზე. აქ არის საზოგადოებრივი თანხები, საზოგადოებრივი ფინანსები, შესაბამისად როცა ხდება ბიუჯეტის დაგეგმვა, როცა ხდება სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება შემდეგ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, სხვა მომსახურება იდენტური სახის მაუწყებელმა აღარ უნდა მიიღოს. გადაწყვეტილებაში ნათლად არის რასთან დაკავშირებით უთითებს მრჩეველთა საბჭო ერთ-ერთ გარემოებად იმპიჩმენტისას სწორედ ამ გარემოებას. მითითებულია გადაწყვეტილების 17 პუნქტი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების და შემდეგ განხორციელების და მათგან აღებული ერთი გარემოებაც კი საკმარისია იმპიჩმენტის პროცედურის განსახორციელებლად. 

როცა მრჩეველთა საბჭოს წევრები ხედავენ, რომ გარკვეული საფრთხე იქმნება პრიორიტეტების შეუსრულებლობის, მათ აქვთ კანონისმიერი ვალდებულება ქმედითი ღონისძიებების განხორციელების. ქმედითი ღონისძიების განხორციელება გამოიხატება ერთ-ერთი სწორედ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასა და განხორციელებაში. აქ არის ჩამოთვლილი ძალიან ბევრი პუნქტი, რომლის შეუსრულებლობა დასტურდება მრჩეველთა საბჭოს მიერ საქმეზე თანდართული მტკიცებულებებით, ესენია: პრიროტეტების შეუსრულებლობა, თანხების არასწორი ხარჯვა, არასწორად გაფორმებული შრომითი კონტრაქტები, შესყიდვები. რეიტინგიც ერთ-ერთი წინაპირობაა. ის არის მოქცეული შესყიდვის განხორციელებაში, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტმა არასწორად განახორციელა. ერთი განახორციელა სახელმწიფო შესყიდვის გზით, მეორე ერთ პირთან გარიგებით რაც არასწორი ფორმაა. შესაბამისად ესეც არის ერთ-ერთი პუნქტი, ვინაიდან საზოგადოებრივი თანხების განკარგვა ხდება იმ მოტივით, რომ საზოგადოებამდე მივიდეს ის სიკეთე რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გულისხმობს და ეს გამოიხატება რეიტინგის კვლევაში რაც დასტურდება იმ ორივე კომპანიის მონაცემებით, რომლებიც საქმეზე მტკიცებულებების სახითაა დართული"- განაცხადა თამარ კეკელაშვილმა.