როდის მოხდება მამია ვარშანიძის ქუჩის რეაბილიტაცია - ბათუმის მერიის განმარტება

22 იანვარი 2020, 12:29 495 ნახვა

დღეს ჟურნალისტმა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამია ვარშანიძის ქუჩაზე, არც ერთ მხარეს არაა ტროტუარი. ასფალტი ისეთია, სჯობს, სულაც არ იყოს, ქუჩის ორივე მხარეს მიყრილია დამტვრეული მანქანები და ნაგავი...

აჭარის მაუწყებელი ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მამია ვარშანიძის ქუჩაზე ჩიხების კეთილმოწყობა წელს დაიწყება და წელსვე დასრულდება. მათივე განმარტებით, ორი ჩიხის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 259 270 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება თავად ქუჩას, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ზუსტად ვერ გვპასუხობენ თუ როდის მოხდება ქუჩის რეაბილიტაცია. აქ ამბობენ, რომ სამუშაოები შეიძლება წელს დაიწყოს ან მომავალი წლისთვის გადავიდეს.

მათივე თქმით, ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი შესყიდული აქვთ, პროექტის თანახმად, ქუჩის კეთილმოწყობაზე 5 მილიონ 956 ლარი უნდა დაიხარჯოს. ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად, კეთილმოეწყობა ტროტუარებიც.

რაც შეეხება ქუჩის მიმდებარედ გაჩერებულ ავტომობილებს. "ბათუმის ავტოტრანსპორტში" ამბობენ, რომ ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იქ მოწესრიგდება პარკირების სისტემა და დაიხაზება პარკირების ადგილები.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში