კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „ფრესკოს“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა დაუდგინა. განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ფასი მიეწოდა პროდუქტის აწონვის მომენტში, ხოლო სალაროსთან ანგარიშსწორების დროს მან განსხვავებული, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო. სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშსწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა, როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ - ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.
