სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს

31 ივლისი 2020, 19:40 1562 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა.

„სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები მათი პრეტენზიის მიუხედავად, იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე, როგორც დამნაშავეები. ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პირადად ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე, დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს მე ამას არ გავიმეორებ. ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში