უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური მოსამართლეების შენარჩუნებისთვის, რეკომენდებულია მოსამართლეთა უვადოდ არჩევა - აშშ-ს საელჩო

17 აგვისტო 2022, 13:35 573 ნახვა

უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა,- ამის შესახებ სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ პარლამენტისადმი წარდგენილ რეკომენდაციებშია ნათქვამი.

დოკუმენტში ასევე საუბარია მოსამართლეთა საჭირო გამოცდილებისა და ასაკის გაზრდაზე.

"უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური და გამოცდილი მოსამართლეების შენარჩუნების მიზნით, რეკომენდებულია კონკრეტული ვადით დანიშნული მოქმედი მოსამართლეების უვადოდ არჩევა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატთა წარდგენა და არჩევა: მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა უახლოეს წარსულში მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს ღია კენჭისყრას საბჭოში, გადაწყვეტილებების დასაბუთებასა და ქულებით საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების გამოვლენას, ჯერ კიდევ არსებობს საკითხები, რომლებიც საჭიროებს რეფორმირებას. პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით. კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის.

უნდა გაიზარდოს საჭირო ასაკი და გამოცდილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების კვალიფიციურობა. ამასთან, იმ კანდიდატებს, რომლებიც განიხილებიან უმაღლესი ინსტანციის სასამართლოსთვის, უნდა მოეთხოვებოდეთ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ეფექტიანი გასაჩივრების უფლების უზრუნველსაყოფად, განხილულ უნდა იქნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილების მიღებისას იმ წევრების გამორიცხვით, რომელთა მიმართაც უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ დადგინდა მიკერძოებულობა, ან სხვა დარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით. ასევე, მნიშვნელოვანია დანიშვნის პროცედურის შეჩერება, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანამდე”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში