თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი-თენგიზ ცერცვაძე

19 აგვისტო 2022, 20:52 405 ნახვა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის წერილში

მისივე შეფასებით, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე და სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს

„დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

საქართველოში ბოლო თვეებში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ ადგილი აქვს სტაბილიზაციას კლების ტენდენციით ასე მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12 338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12 729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ ექვსი შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში – რვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1 700-1 800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 არსად წასულა და სავარაუდოდ იგი კარგად ხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვლავების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და ა.შ. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, უფრო მეტიც დიდი ტყუილი.

საქართველოში პანდემიის პირველი დღეებიდან დღემდე COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ხდებოდა და ხდება ზედმიწევნით ზუსტად და გამოქვეყნებული შედეგები იყო და არის ზედმიწევნით გამჭვირვალე და სწორი. მართალია ბოლო პერიოდში მონაცემები ყოველდღე არ ქვეყნდება, მაგრამ რეგულარულად ქვეყნდება კვირაში ერთხელ (რაც სავსებით საკმარისია) და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები (Institute for Health Metrics and Evaluation და სხვა), რომლებიც დეტალურად აკვირდებიან და სწავლობენ ქვეყნებში არსებულ COVID- სიტუაციას და გამოქვეყნებული მონაცემების სისწორეს, ცალსახად მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სარწმუნოა, კერძოდ: სადღეისოდ საქართველოსთვის გამოქვეყნებული მონაცემების სარწმუნოობის ინდექსი შეადგენს 1.07-ს (1.0 ნიშნავს 100%-იან აბსოლუტურ სარწმუნოებას) და ამ მაჩვენებლით (მონაცემების სანდოობით) საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პირველ ათეულშია.

კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა, დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში