სპორტის მთავარი

24 იანვარი 2023, 19:59 147 ნახვა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ალმერიას“ უმასპინძლა, და 2:2 დაუზავდა .საქართველოს ნაკრების მეკარე „ღამურების“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მამარდაშვილს პირველ ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა 44-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა – გიორგიმ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, რამაზანმა კი ბურთი ძელს მოარტყა. მეორე ტაიმი უხვგოლიანი გამოდგა. „ვალენსია“ პირველად 48-ე წუთზე კლუივერტის გოლით დაწინაურდა, „ალმერიამ“ წონასწორობა 54-ე წუთზე ჩუმის გოლით აღადგინა. ვალენსია 65-ე წუთზე კვლავ დაწინაურდა , თუმცა 9 წუთში ალმეირამ ისევ გაათანაბრა„ვალენსიამ“ 18 ტურის შემდეგ 20 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე დარჩა.

გიორგი ლორიას ანორთოსისმა ჩემპიონატის მორიგ ტურში „ენოსისი: 1:0 დაამარცხა ქართველმა მეკარემ გუნდს ამჯერადაც უკაპიტნა ავთო ებრალიძე კი მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.„ანორთოსისს“ მანამდე ოთხი მატჩი არ ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი ნავსი გატეხა – 34-ე წუთზე სტუმართა კარი ესპანელმა ლეგიონერმა, ანტონინ კორტესმა აიღო და ფამაგუსტელებს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. „ანორთოსისმა“ კვიპროსის პირველ დივიზიონში გამართულ 20 ტურში 22 ქულა დააგროვა, მაგრამ ლიდერთა ექვსეულს, რომელიც ორი წრის დასრულების შემდეგ ევროსაგზურებისთვის ბრძოლას გააგრძელებს, ათი ქულით ჩამორჩება.

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში გახდა. როგორც პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელ სპეციალისტს ოფიციალურად დღეს წარადგენენ.სანტუში პოლონეთის ნაკრებში 2026-წლამდე იმუშავებს. ფერნანდუ სანტუში 2014-2022 წლებში პორტუგალიის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელსაც 2016 წელს - ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2019 წელს ერთა ლიგა მოაგებინა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში მაროკოსთან მარცხის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს.

ნიდერლანდების ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა. ეს სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2018-2020 წლებშიც წვრთნიდა. 2020 წელს მისი კონტრაქტის გაწყვეტა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას უკავშირდება.

პსჟ-ს ვარსკვლავმა კილიან მბაპემ საფრანგეთის თასის მეთექვსმეტედ ფინალში ერთ მატჩში გატანილი გოლების მხრივ საკლუბო რეკორდი დაამყარა.პარიზულმა გრანდმა მე-6 დივიზიონის წარმომადგენელი სამოყვარულო კლუბი პეი დე კასელი 7:0 გაანადგურა, მბაპემ კი მეტოქის კარი 5-ჯერ დალაშქრა. მბაპეს აქტივში ერთი საგოლე პასიც იყო, თითო გოლი კი ნეიმარმა და სოლერმა შეაგდეს. საფრანგეთის თასის მერვედფინალში პსჟ-ს მარსელი დაუპირისპირდება.

სანდრო მამუკელაშვილმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G ლიგაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, „ვისკონსინ ჰერდი“ ამჯერად „მოტორ სიტი კრუიზს“ შეხვდა და ოვერტაიმში 130-134 დამარცხდა.ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 41 წუთი ითამაშა, რაც სანდროსთვის რეკორდია.მას საუკეთესო მაჩვენებლამდე 1 ქულა დააკლდა, როდესაც „გრანდ რაპიდს გოლდის“ წინააღმდეგ 32 ქულა დააგროვა. მისი მონაგარი კი დღეს 31 ქულა და 12 მოხსნა იყო. G ლიგაში მან მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა და MVP გახდა.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსსა“ და „ვაშინგტონ უიზარდს“ შორის გაცვლა განხორციელდა. ტრეიდის შედეგად, „ლეიკერსმა“ თავის რიგებში მიიღო ფორვარდი რუი ჰაჩიმურა, „ვაშინგტონს“ კი კენდრიკ ნანი ერგო და აგრეთვე მომავალი წლების დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის სამი უფლება. ჰაჩიმურა ამ სეზონში საშუალოდ 24 წუთს თამაშობს და 13 ქულას აგროვებს, ნანის ანალოგიური მაჩვენებლებია 13 წუთი და 7 ქულა.

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები პარიზში დაგეგმილ გრანდ სლემზე, რომელიც ძიუდოს სამყაროში ძალიან პრესტიჟულად ითვლება, ოპტიმალური შემადგენლობით წარდგება. ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, ტურნირზე 10 ძიუდოისტი გამოვა. ესენი არიან: თემურ ნოზაძე, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი და საბა ინანეიშვილი. საფრანგეთში დაგეგმილ გრანდ სლემზე საქართველოს ქალთა ნაკრების ორ წევრსაც ვიხილავთ: მარიამ ციხელაშვილს და ელისო სისაურს. პარიზის გრანდ სლემი 4-5 თებერვალს არის დაგეგმილი და ამ დროისთვის მასზე 80 ქვეყნის 535 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ახალი სეზონი სტარტს 27-29 იანვარს ალმადაში დაგეგმილი გრან პრით აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით წარდგება.

 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში