ბათუმში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხანძარია

13 მარტი 2023, 16:21 1347 ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხანძარია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. იტალიურ ეზოში საცხოვრებელ სახლს უკიდია. აღნიშნულ ეზოში 11 ოჯახი ცხოვრობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ცეცხლი სახურავზე გავრცელდა, არ ვიცით მიზეზი. ვერაფრის გამოტანა ვერ შევძელით. დაახლოებით 7-მდე ოჯახი დავრჩით ბედის ანაბარა"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ქალაქის მერის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით დაზარალებულია 15-მდე ოჯახი, რომლებსაც პირველ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.

"ვაჟა ფშაველას ქუჩის 86 და 88 ნომერში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ე.წ იტალიური ტიპის ეზოში გაჩნდა ხანძარი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. მიმდინარეობს ყველა იმ ოჯახის აღწერა, რომლებიც დაზარალდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

 

ჩვენი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით არის დაახლოებით 15-მდე დაზარალებული ოჯახი, რომელთაც მერიის მიერ გაეწევათ შესაბამისი დახმარება, რაც გულისხმობს პირველ ეტაპისთვის, უსაფრთხო ადგილზე გაყვანას. შემდგომი ეტაპისათვის, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის შესაბამის ღონისძიებები"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის სახურავი დაიწვა, ცეცხლმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლების ნაწილიც, წყლის შედეგად კი დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში