41 წლის ქალის მიმართ ძალადობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება

13 მარტი 2023, 18:10 570 ნახვა

ბათუმში 41 წლის ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცავებმა  გარდაცვლილი ნახეს, ბრალდებული პირი წინასწარ  პატიმრობაში რჩება. აღკვეთის შეცვლის განხილვის სხდომაზე, მოსამართლემ სრულად გაიზიარა  ბრალდების მხარის შუამდგომლობა  პატიმრობაში დატოვების თაობაზე და განმარტა , რომ აღკვეთის შეცვლის საფუძველი ამ ეტაპზე  არ არსებობდა.  პროკურორი მიუთითებდა, რომ  თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში  არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზეწოლის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ   ითხოვდა ბრალდებულის გათავისუფლებას.   გოგიტა აბესლამიძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს,  რომ გარდაცვალებამდე  ქალზე  ფიზიკურად იძალადა, თუმცა  41 წლის დალი ელიზაბრაშვილი მას არ მოუკლავს.  გარდაცვალების საქმეზე დამატებითი სამედიცინო ექპერტიზებია ჩასატარებელი.  გამოძიების  ინფორმაციით 26 იანვარს, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს.  თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა შემდგომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში