ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

23 მარტი 2023, 18:27 450 ნახვა

„საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გამოკითხულმა მოწმეებმა ბადრი ესებუა ვერ ამოიცნეს. ერთ-ერთი  მოწმე  ყოფილი მძევალი  ირაკლი კვარაცხელია იყო, რომელსაც მძარცველმა ტელევიზიებთან  კომუნიკაცია დავაალა, რისი საშუალებითაც   მოთხოვნები გააჟღერა.სასამართლომ დღეს პროკურატურის 7 მოწმეს მოუსმინა.  ისინი ძირითადად  ყოფილი მძევლები და ბანკის თანამშრომლები იყვნენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გარდა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა, რომელზეც ადვოკატებს კითხვები აქვთ, ბრალდებულის წინააღდეგ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს. დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა   დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომლითაც  ის საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვდა. როგორც ადვოკატმა სასამართლოზე განმარტა,   პროკურატურამ    28 თებერვალს დაცვის მხარეს   ბადრი ესებუას ხმის ნიმუში გადასცა,  22 მარტს კი ალტერნატიული ექსპერტიზა დაინიშნა  და  ბადრი ესებუას ინტერესების დამცველი ექსპერტიზის დასკვნის, როგორც ახალი მტკიცებულების  დართვას ითხოვდა სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურორი შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა,  რომ 28 თებერვლიდან დღემდე თითქმის 1 თვეა გასული და აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატს ამ ხნის განმავლობაში უნდა დაყენებინა. მოსამართლემ პროკურორის პოზიცია გაიზიარა. სასამართლომ დღეს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეც იმსჯელა, თუმცა გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა,.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში